ჩემ წინ ნამდვილი გიჟი იჯდა

მწვრთნელი რომ გახდე, შენი საქმე სიგიჟემდე უნდა გიყვარდეს. აი, ორ საქვეყნოდ ცნობილ იოსებს რომ უყვარს: ჟოზეს და ჟოსეპს...

ერთხელ, ერთ ახალგაზრდა მწვრთნელს ვკითხე, ის, რაც თამაშის დროს ხდება რამდენად ემთხვევა ხოლმე იმას, რასაც შენ გეგმავ, მეთქი. სიტყვაძუნწი კაცი იყო და მოკლედ მიპასუხა, თავიდან ნაკლებად ემთხვეოდა, თანდათანობით კი უფრო დაემსგავსაო. თემის მეტად გაშლის საშუალება აღარ მომცა.

ალბათ, მეტოქე შენს გუნდზე გაცილებით სუსტი უნდა იყოს ყველაფერი ისე რომ წავიდეს, როგორც შენ გინდა. ჭადრაკი რომ ჭადრაკია, სადაც უსულო ფიგურებს ამოძრავებ, იქაც არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა. მეტოქე არ გაძლევს საშუალებას. იმასაც ხომ თავისი გეგმა აქვს. აქ კი თერთმეტი კაცი თავისი ხასიათით, ჯანითა და გუნებ-განწყობით მარტო შენ გყავს და თერთმეტიც მოწინააღმდეგეს. შენ შენი გეგმა გაქვს, იქითა მხარეს — თავისი. შენებიდან ვიღაცა იშტაზეა, ვიღაცამ ცხვირი ჩამოუშვა, გადაღმა გუნდშიც ასეა და გამოვიდა აჯაფსანდალი. ამას დაამატე ამინდი, ტრიბუნები, მსაჯის შეცდომა, შენი შეცდომა... მოკლედ, ცხოვრებაა მთელი თავისი სიგრძე-სიგანითა და მრავალი უცნობით.

ცხონებულ გიგა ნორაკიძეს ვცემდი უდიდეს პატივს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. ისტორიაში მეორე. პირველი გივი ნოდია გახლდათ, სულ ერთმა თამაშმა მოუწია.

ბატონი გიგა სიტყვას ფასს არ ადებდა. დამწყები ჟურნალისტი ვიყავი და რომ შემატყო, ბევრი რამ მართლა მაინტერესებდა, ზურგი არ მაქცია. მიჩერდებოდა, მიხსნიდა აქეთურ-იქითურს. მახსოვს, გურჯაანში აზერბაიჯანს ვეთამაშეთ, 6:3 მოვუგეთ. თამაში რომ დამთავრდა, ყველა(!) თავის მანქანაში ჩაჯდა და თბილისისკენ გავარდა. გიგა ლევანიჩი დატოვეს გურჯაანის სტადიონის გასახდელთან. არადა, ნაკრების თავკაცი იყო. იმ დღეს რამდენიმე ჟურნალისტი ჩვენს აწგარდაცვლილ მეგობარს და კოლეგას ალეკო ჯიბლაძეს „იბერვიზიის“ მანქანით ვყავდით წაყვანილი. რომ დავინახეთ რაც ხდებოდა, მივედით ბატონ გიგასთან და ჩვენს მიკროავტობუსში ჩაჯდომა შევთავაზეთ. უბრალო კაცი იყო ბატონი გიგა, გულიანი. თითქოს, არც კი წყენია მარტო რომ დატოვეს. ჩაგვიჯდა და წამოგვყვა. ზურა მეძველიას და მამუკა კვარაცხელიას ჰკითხეთ, დაადასტურებენ. წამოგვყვა ლევანიჩი და დავაყარეთ კითხვები. ახლაც მიკვირს დაღლილი რა გულდასმით გვპასუხობდა. ეს ხომ ასე იყო და ის ხომ ისე? ეს ხომ ამიტომ შეიყვანეთ და ის ხომ იმიტომ გამოიყვანეთ? აბა, ქინქლაძეზე რას იტყვით? - მაშინ კარიერას იწყებდა. მოკლედ, აბა ჰე და აბა ჰო. თბილისამდე დაუსრულებლად. 




დრო რომ გავიდა, გავთამამდი და ვთხოვე, ბატონო გიგა, იქნებ, ერთხელ „უსტანოვკაზე“ დამასწროთ, მეთქი. კარგიო. არ დაგიმალავთ და ასეთ პასუხს არ ველოდი. სამაგიეროდ, იმ დღის მერე ველოდი თამაშს, რომლის დაგეგმვასაც დავესწრებოდი, მანამდე კი მორიგ ინტერვიუზე შევუთანხმდი. დილის ათ თუ თერთმეტ საათზე ძველი ფედერაციის შესასვლელთან უნდა შევხვედროდი. დანიშნულ დროს მივედი და ვდგევარ. იგვიანებდა. ხან ვის მივესალმე, ხან ვის. შემდეგ, ბატონმა ნიკა ამირეჯიბმა გამოიარა და… აქ ვის ელოდებიო. ვუთხარი. ამ დილით, აქეთ რომ უნდა წამოსულიყო გარდაიცვალაო…

...სხვა ახალგაზრდა მწვრთნელმა კიდევ, დღეს ჩემს ვარჯიშს რომ დაესწარი რა დასკვნა გამოიტანეო.

მე რა ვიცი რა დასკვნა უნდა გამომეტანა. ასე რომ ვხვდებოდე…

ერთხელ დათო ყიფიანმა გვითხრა ჟურნალისტებს (მაშინ „დინამოს“ ედგა სათავეში) დღეს ესა და ეს ფეხბურთელი შეცვლაზე რომ შევუშვი, თამაში საერთოდ ამირია. მერე ვკითხე, რაც დაგავალე რატომ არ გააკეთე, მეთქი და უი, დამავიწყდაო.

ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება. ურთულესი საქმეა მწვრთნელობა.

მწვრთნელი რომ გახდე, შენი საქმე სიგიჟემდე უნდა გიყვარდეს. აი, ორ საქვეყნოდ ცნობილ იოსებს რომ უყვარს: ჟოზეს და ჟოსეპს.

არ დამავიწყდება, ბათუმში პსვ იყო ჩამოსული. დიკ ადვოკაატი წვრთნიდა. სასტუმრო სპუტნიკში ინტერვიუზე ავედი. პრესისთვის საათი ჰქონდათ გამოყოფილი. ჩამოვუჯექი ადვოკაატს და იმხანად ჩემს საყვარელ თემაზე, ტაქტიკაზე ვკითხე. რომ ჩაირთო, აღარ გაჩერდა. ერთ მომენტში შემომხედა და… ახლავე კიდევ უფრო კარგად გაგაგებინებო — გაშალა ფურცელი, მოიმარჯვა პასტა, დაიწყო განლაგებების ხაზვა. ის დეტალები საგაზეთო ინტერვიუსთვის ნამდვილად აღარ მჭირდებოდა, მაგრამ აღფრთოვანებული ვუყურებდი. ჩემს წინ თავისი საქმის ნამდვილი გიჟი იჯდა.

ისე, წამომცდა… ტაქტიკაზე ვთქვი იმხანად ჩემი საყვარელი თემა იყო, მეთქი… მაგრამ მართლა ასეა და ხომ არ მოვიტყუები. მაშინ ტაქტიკა მიტაცებდა, ახლა კი უფრო ადამიანის ბედი, ფეხბურთი და ცხოვრება, ფეხბურთი, როგორც შემოქმედება და სამყარო მიზიდავს. მართლაც ვინ მოთვლის რამდენი სახე აქვს ამ დალოცვილს.

ფეხბურთის სახეები… ძალიან საინტერესო თემაა. მოდი, ერთ დღეს ამაზეც ვილაპარაკოთ.




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!