მიდი, აბა, Delete

დღეიდან მაგარი თამაში იქნება ის, რომელშიც ქართული გუნდები გაიმარჯვებენ

მე რომ მგონია გუშინ იყო, 20 წელი გასულა. და მაინც მოდი, 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავიხსენოთ, ბარსელონაში რომ ჩატარდა: მანჩესტერ იუნაიტედი — ბაიერნი. დაუვიწყარი მატჩი. ბავარიელები 1:0-ს იგებდნენ და თამაშის სულ ბოლოს, მსაჯის წამატებულ დროში ორი გაუშვეს. ის ემოცია დღემდე ცოცხალია. ასეთი რაღაცის მეხსიერებიდან Delete შეუძლებელია. ტვინი გეუბნება, რომ ფაილი გახსნილია და სანამ არ დახურავ, ვერ წაშლის. არადა, ამ ფაილის დახურვა როგორ გინდა? არ იხურება. ფეხბურთის ვირუსი აქვს შეჩენილი.

 

ახლა კი ყურადღებით, შეკითხვა: ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ფინალი, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, სადაც ბავარიელები 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო წამებში მანჩესტერ იუნაიტედმა ორი გოლი გაიტანა და მოიგო, მაგარი თამაში იყო?

 

არც მანჩესტერელების წარმატებას ვაკნინებ, არც იმ დიდი ემოციის გაბაცებას ვცდილობ და არც რამე სხვა ქვენა აზრი და მიზანი მაქვს, უბრალოდ ვკითხულობ: თამაშად მაგარი იყო? თავიდან გადაახვევდით და ნახავდით?

 

შეიძლება გემოვნების ამბავია, მაგრამ მე არ ვნახავდი. იმ, ბოლო წამებს და ინგლისური გუნდის ზეიმს თუ გნებავთ ათასჯერ ჩავრთავდი, მაგრამ მთელ თამაშს — ვერა.

 

აი, ექვსი წლის შემდეგ ფინალს, ასევე ინგლისური გუნდის, ლივერპულის შესრულებით კი იცოცხლე სიამოვნებით ვუყურებდი. სტამბოლში რომ ჩატარდა და მგონი ნახევარი საქართველო რომ დაესწრო, იმაზე მოგახსენებთ — ლივერპულმა მილანს 0:3 შემოუტრიალა. შესვენების შემდეგ 3:3 გახადა. მერე იყო დამატებითი დრო, პენალტები და მერსისპირელთა გიჟური სიხარული.

 

ესეც ისეთი რაღაც იყო, Delete-ს რომ ვერ გაუკეთებ.

 

მეეჭვება ნაღდი ამბავი იყოს, მაგრამ ხუმრობად შესანიშნავია: როგორც ამბობენ, ამ თამაშს თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა. შესვენებისას კოკა-კოლას თუ რაღაცის საყიდლად გასულა და გრძელი რიგის გამო ტრიბუნაზე დაბრუნება დაგვიანებია. რომ დაბრუნებულა უკვე 3:3 ყოფილა და გაკვირვებულს უკითხავს: ეს რა არის, სამქულიანი ისროლესო? მეგრული აქცენტით ლამაზად გამოდის.

 

ვიმეორებ, ეს ამბავი გამოგონებული მგონია, რადგან ლივერპულმა თავისი მესამე გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, ბატონი თემური კი ნახევარი საათი (შესვენების 15 წუთსაც თუ დავამატებთ) რიგში ვერაფრით იდგებოდა, მაგრამ ეს ანეკდოტი იმ თამაშის საოცრებას კარგად აღწერს.

 

მოკლედ, თქვენთან ერთად იმის გარკვევა მინდა, მაგარი თამაში რას ნიშნავს. რამდენიმეწამიანი ემოციის გამო შეიძლება შეხვედრას, რომლის მთელი 90 წუთი დიდად სანახავი არ იყო, მაგარი ვუწოდოთ?

 

თუ, რატომაც არა? გულსა და გონებაში დარჩა? დარჩა! ვივიწყებთ? ვერა! Delete? ვერა! ესე იგი მაგარი ყოფილა.

 

ანდა, მოდი საკითხი ასე შემოვატრიალოთ: პეპ გვარდიოლას დროინდელი ყველაზე მაგარი ბარსელონა რომელიმე ესპანურ ან ევროპულ გუნდს ფეხბურთის მასტერკლასს რომ უტარებდა და 3:0-ს, 4:0-ს ან 5:0-ს უგებდა, მაგარი თამაში იყო?

 

დავაზუსტოთ: ბარსელონას ტიკი-ტაკა და მასტერკლასი რად უნდა ლაპარაკი, მაგარი იყო, მაგრამ თვითონ თამაში, მთელი თამაში იყო მაგარი?

 

ანუ, მაგარი თამაში რას ნიშნავს, რამდენიმე საოცარ წამს, ჩვენი საყვარელი გუნდის მოგებას, დრამატიზმს, როდესაც ერთი 3:0-ის იგებს და მერე მეორე უთანაბრებს, თუ კიდევ სხვა რამეს?

 

აი, ჩვენმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ლიგაში, თავის ჯგუფში ყველას რომ ჩამოურბინა და გადაუარა, მაგარი თამაშები იყო?

ალბათ, კი.

თუ არა?

ჩვენთვის კი.

თუ ეგ არაფერს ნიშნავს?

 

შენ რომ ბარსა გიყვარს და მე რეალი, შენთვის მაგარი თამაში ის არის, რომელშიც ბარსელონა იგებს და ჩემთვის ის, რომელსაც რელი?

 

თუ გინდა ბარსელონა და რეალი ნუ იქნება, სიტი და იუნაიტედი იყოს, სულერთია.

 

ალბათ, ყველას თავისი სიმართლე აქვს. ლივერპულის ბებერი ფანები გეტყვიან, დინამომ 79-ში 3:0 რომ მოგვიგო ცუდი თამაში იყო, რადგან ჩვენები არ ვარგოდნენო. საერთოდ თუ ახსოვთ ის თამაში, რასაკვირველია. მათი გუნდის თავს ხომ იმის მერე უამრავი დიდი ამბავი დატრიალდა. მარტო ეიზელი და სტამბოლის 3:3 რად ღირს.

 

ჰოდა, ამიტომ, მოდი ამ ახალ წელს ვითომ სადღეგრძელოს ვამბობთ და ცოტა ხნით მაინც ასე დავასკვნათ: დღეიდან მაგარი თამაში იქნება ის, რომელშიც ქართული გუნდები გაიმარჯვებენ.

 

დანარჩენზე კი... თუ გინდა ვიდაოთ, მაგრამ ერთმანეთს მაინცდამაინც ნუ დავხოცავთ.

 

 




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!