ლეგიონერების სიმბოლური: 11+7+მწვრთნელი

Leadersport–ი წარმოგიდგენთ თავის ვერსიას: საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერთა ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებს.

ამ თერთმეტეულის გარდა, შვიდი სათადარიგოც გვყავს. ანუ, 18–კაციანი სამატჩო შემადგენლობა. პლუს, მწვრთნელიც. რამდენიმე პოზიციაზე არჩევა ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა იყო ამპლუები, სადაც კითხვის ნიშნები არ გაგვჩენია.

 

სიმბოლური შევარჩიეთ იმის მიხედვით, თუ ვინ როგორი კვალი დატოვა საქართველოს ჩემპიონატში, რა გავლენას ახდენდა თამაშებზე... ამასთან, რამდენ ხანს ითამაშა ქართულ კლუბში. 

 

 

მეკარე: დიდიე ოვონო (გაბონი,  დინამო)

 

2007-2009 წლებში ითამაშა თბილისის დინამოში. გიორგი ლორიამ თავად განაცხადა, რომ მისგან ბევრი ისწავლა. ოვონო დინამოდან ფრანგულ ლე მანში (მაშინ უმაღლესში იყო) გადავიდა და იქაც კარგი სეზონები გაატარა. ახლა 35 წლისაა, საფრანგეთის ლიგა2–ის კლუბ პარიზშია. გაბონის ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული.  

 

მცველები:

 

მილოშ კრშკო (სლოვაკეთი, დინამო)

 

2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ითამაშა. 2007-2010 წლებში იყო თბილისის დინამოში. ტრენჩინიდან გადმოვიდა. საიმედო თამაშით გამოირჩეოდა. ახლა 39 წლისაა. სლოვაკეთის ქვედალიგელ კრუშოვიცეს მწვრთნელია.

 

ნედ ზელიჩი (ავსტრალია, დინამო)

 

ერთ–ერთი მქუხარე CV-ის მქონე ფეხბურთელი, ვინც ქართულ კლუბში ჩამოსულა. 2007–2008 წლის სეზონი ჩაატარა დინამოში და კარიერაც დაასრულა. იმ დროს 37 წლისა იყო. „ზელიჩისგან და კრშკოსგან დიდი გამოცდილება მივიღე“ – თქვა გურამ კაშიამ. ნედ ზელიჩი 1992–1995 წლებში ოტმარ ჰიტცფელდის დორტმუნდში გახლდათ, მოიგო ბუნდესლიგა და უეფას თასის ფინალშიც ითამაშა.     

 

რომას მაჟეიკისი (ლიტვა, გურია) 

 

საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშა და მოიგო საქართველოს თასი. საერთოდ, იმ წლებში არაერთი ლიტველი თამაშობდა ქართულ გუნდებში. მაჟეიკასი, სანამ გურიაში ჩამოვიდოდა, ჟალგირისის წამყვანი მცველი გახლდათ. ლიტვის ნაკრებში და შტუტგარტერ კიკერსში ითამაშა.

 

ნახევარმცველები

 

კარლოს ალბერტო და როშა (ბრაზილია, დინამო) 

 

სამი წელი (2001–2004) ითამაშა თბილისის დინამოში და გუნდს მარჯვენა ფლანგზე პრობლემა არ ჰქონია. დინამომდე რუსულ კლუბებში, მოსკოვის ტორპედოსა და ტულის არსენალში ითამაშა.

 

 ვაგნერ გონსალვეში (ბრაზილია/საფრანგეთი, საბურთალო)

 

ერთი მოქმედი ლეგიონერიც შევიყვანეთ სიმბოლურში. მან დიდი როლი ითამაშა საბურთალოს ჩემპიონობაში, ბოლოს საჩემპიონო გოლიც მისი იყო: დინამოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში. მთლიანობაში, გასულ წელს 11 გოლი მოუგროვდა. უფრო შემქმნელია, მაგრამ შავ სამუშაოსაც ასრულებს და ამიტომაც შევიყვანეთ ამ პოზიციაზე.

 

მიკელ ალვარო (ესპანეთი, დინამო)

 

2011–2013 წლებში იყო დინამოში, მერე კიდევ 2016–შიც, თუმცა უკვე ასაკი ეტყობოდა. დინამოში ერთი სეზონი განსაკუთრებით კარგი გამოუვიდა. განსაკუთრებით აღვნიშნავდით ტორპედოსა და დილას კარში გატანილ გოლებს. დილას 90–ე წუთზე გაუტანა და ჩემპიონობა მოუტანა დინამოს. ალვარო 36 წლისაა და ესპანეთის ქვედალიგელ ამორებიეტაში თამაშობს.  

 

ჟილვან გომეშ ვიეირა (ბრაზილია, დინამო/ზესტაფონი)

 

დინამოში, ფაქტიურად, არ უთამაშია. ზესტაფონში კი ორი სეზონი (2006–2008) გაატარა, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს თასის მოგებაში.  სხვათა შორის, მომდევნო წლებში მშვენივრად ითამაშა  ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდებში: ერკულესში, უესკაში, ეიბარში. ამჟამად 34 წლისაა, ბრაზილიის სერია c–ის კლუბ რემოშია.     

 

 

თავდამსხმელები

 

 ანდრეი პოროშინი (უკრაინა, ტორპედო) 

 

ორი სეზონი ჩაატარა ქუთაისის ტორპედოში და მხოლოდ ჩემპიონატის მატჩებში 27 გოლი გაიტანა. გახდა საქართველოს ჩემპიონი. ტორპედომდე იყო მოლდოვის შერიფში, მერე კი რუსულ პრემიერლიგაშიც ითამაშა. ამჟამად 40 წლისაა.  

 

 ჩისკო (ესპანეთი, დინამო)

 

ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად სწორედ მას დავასახელებთ. მან სამწელიწადნახევარი ითამაშა დინამოში (2011–2014), ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ორჯერ მოიგო ჩემპიონობა, ორჯერ თასი და ერთხელაც სუპერთასი. ჩისკოს კარიერის პიკი კი, რა თქმა უნდა, რაფა ბენიტესის ვალენსია იყო. იქ მოიგო უეფას თასი, ლა ლიგა და უეფას სუპერთასი, თუმცა მეტწილად შეცვლებზე შედიოდა. შეგახსენებთ, ჩისკო სულ მალე თბილისის დინამოს სამწვრთნელო შტაბში დაიწყებს მუშაობას.      

 

 აკინო (ბრაზილია, ოლიმპი)

 

ერთი სეზონი (2009–2010) იყო რუსთავის ოლიმპში, მაგრამ ბევრი მოასწრო. გახდა საქართველოს ჩემპიონი და საუკეთსო ბომბარდირიც. 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მართალია, აქედან ბევრი პენალტით იყო, მაგრამ ლამაზი გოლები არ აკლდა, ერთხელ კი სულაც კუთხური ჩაახვია. ოლიმპის მერე, ცნობილ კლუბებში ითამაშა: კურიტიბაში, ბოტაფოგოში. პარანაში. ახლა ანგოლის კლუბში აგორებს ბურთს. 32 წლისაა.    

 

მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია, დინამო)

 

 

თბილისის დინამოს ორი წელი (2002–2004) წვრთნიდა. ორ შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებს გაუძღვა: რუსეთთან დაუვიწყარი 1:0 მოგება, ირლანდიასთან სტუმრად 0:2 წაგება. შუშაკის ხელში დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა და ლამაზი თამაშით მოიგო თანამეგობრობის თასი.

 

ხორვატი სპეციალისტი 70 წლისაა. შეგახსენებთ, 1998 წლის მუნდიალზე მესამეადგილოსანი ხორვატიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო, ანუ მიროსლავ ბლაჟევიჩის თანაშემწედ. შეიძლებოდა დუშან უჰრინ–უფროსის, ან მისი შვილის დასახელებაც, მაგრამ მაინც შუშაკი ვარჩიეთ.   

 

 

სათადარიგოები

 

მეკარე: მარინ შკენდერი (ხორვატია, დილა)

 

მცველები: რენე ფერეირა (ბრაზილია, ზესტაფონი/დინამო), ფრაგა (ბრაზილია, ოლიმპი);

 

ნახევარმცველები: ლეანდრო (ბრაზილია, დილა), კესანი (გაბონი, ზესტაფონი)

 

თავდამსხმელები: რობერტას ფრიდრიკასი (ლიტვა, გურია), გონსალო დე პორასი (არგენტინა, ბორჯომი);




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!