ვინ დაწყევლა ტოტენჰემი?

როდის გაიხსნება მამლების ახალი სტადიონი?

2017 წლის 14 მაისს ტოტენჰემმა თავის ძველ უაით ჰარტ ლეინზე ბოლო მატჩი ჩაატარა. მშვენიერი საღამო გამოვიდა. ჯერ იყო და დეზებმა მანჩესტერ იუნაიტედს მოუგეს (2:1), შემდეგ კი დამშვიდობების ცერემონია გაიმართა, რომელზეც მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ ტოტენჰემელები. ბოლოს  ქომაგებს მინდორზე გასვლის უფლება მისცეს, რომლებმაც მინდვრიან-სკამებიანად ყველაფერი შინ, სუვენირებად წაიღეს.

 

 

უკვე რამდენიმე საათში კი კონსტრუქციის დემონტაჟი  დაიწყო. სიახლოვეს ახალი სტადიონის აგება უკვე მიმდინარეობდა. მშენებლები ჩქარობდნენ, რაც გრანდიოზული გეგმების მიზეზი იყო: ტოტენჰემი 62 ათასიან არენას აშენებდა, ულტრათანამდროვე ტექნოლოგიებით და ათასგვარი სიკეთეებით (მაგალიათად, გამოსაგორებელი მოედნით). 

 

თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. დეზების ახალი, თითქმის 1 მილიარდის ღირებულების სახლი ყოველდღიურად იზრდებოდა. გუნდი კი დროებით ლეგენდარულ უემბლიზე გადაბარგდა - წინასწარი გათვლით, მხოლოდ ერთი სეზონით. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ახალი სეზონისთვის სარბიელის დამთავრება ვერ მოხერხდებოდა.

 

 

გახსნის თარიღად 15 სექტემბერს ლივერპულთან კალენდარული მატჩი მონიშნეს. მაგრამ, ამ დროისთვის მშენებლობა ვერ დამთავრდა. თანაც, ბევრი ხარვეზი გამოვლინდა უსაფრთხოების მხრივ. 

 

გახსნა სექტემბრიდან ნოემბრამდე გადადეს, შემდეგ ნოემბრიდან იანვრამდე. გუშინ კი დეზების ხელმძღვანელობამ ქომაგებს კიდევ ერთი, „საახალწლო საჩუქარი“ გაუკეთა, როცა აცნობა, რომ სტადიონი მინიმუმ მარტამდე ვერ გაიხსნება...

 

პრობლემები სხვა მხრივაც არის. მაგალითად, კლუბის ხელმძღვანელობამ ნაადრევად გაყიდა სეზონური აბონემენტები. ქალაქში კი გამომწვევი უზარმაზრი ბანერები განათავსა წარწერით: ტოტენჰემის ახალი არენა, ერთადერთი სტადიონია ლონდონში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მიიღებსო. მაგრამ ტურნირის ჯგუფურმა ეტაპმა და ინგლისის ნახევარმა ჩემპიონატმა უემბლიზე ჩაიარა. 

 

ტოტენჰემის გარდა, უემბლიზე ინგლისის ნაკრებიც თამაშობს, იმართება კონცერტები და ამერიკული ფეხბურთის მატჩები. შედეგად, მინდორმა ვეღარ გაუძლო დატვირთვას და ისეთ საშინელ დღეში ჩავარდა, რომ მთელი ქვეყნის დასაცინი გახდა.

 

 

და კიდევ, გუმდმა საშინაო ატმოსფერო დაკარგა. მატჩებზე კატასტროფულად იკლო დასწრებამ. მაგალითად, დეკემბერში, საუთჰემპტონთან შეხვედრას მხოლოდ 33 ათასი მაყურებელი დაესწრო, რამაც მხოლოდ მესამედით შეავსო უემბლი.

 

„აქ თამაში აღარ გვიზიდავს,“ - თქვა შემდეგ მცველმა დენი როუზმა.

 

„უემბლიზე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ. შემთხვევითი არ არის, რომ სტუმრად გაცილებით მეტ ქულებს ვაგროვებთ,“- ეს კი დეზების მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს სიტყვებია.

 

უკვე გამოაცხადეს, რომ უოტფორდთან  (30 იანვარს), ნიუკასლთან (2 თებერვალს), ლესტერთან (10 თებერვალს) მატჩები, ასევე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი დორტმუნდთან (16 თებერვალს) უემბლიზე გაიმართება.

 

 

შემდეგი საშინაო შეხვედრა ტოტენჰემს 2 მარტს არსენალთან უწევს, მაგრამ ლონდონის პოლიციის ვარაუდით, არ ღირს ასეთი ფეთქებადი დერბით სტადიონის გახსნა.

 

ამისდაკვალად, ახალ სტადიონზე პირველი მატჩი, შეიძლება 16 მარტს გაიმართოს კრისტალ პალასის წინააღმდეგ. ეს იმ შემთხვევაში, თუ კიდევ რაღაც არ მოხდა...




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!