გოგა ბითაძე: ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი

ქართველ კალათბურთელთაგან  ევროლიგაზე ასეთი წარმატებული დებიუტი და ხმაურიანი სტარტი არავის ჰქონია, თუმცა წინ ზაფხული და ნბა-ს დრაფტია.

ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და უკვე  ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა. მასზე ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს, რადგან  მასთან ერთად და მის გარეშე გუნდი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს თუ არ ჩავთვლით, პირველად მისი თამაში გულშემატკივარმა ვთბ ლიგაში ნახა. 16  წლის გიგანტი, ვითას შემადგენლობაში რამდენიმე წუთით ჩნდებოდა, თუმცა, როგორც იტყვიან კოჭებში ეტყობოდა, რომ დიდ კალათბურთს ითამაშებდა.

 

არადა, გოგა ბითაძე ჯერ მხოლოდ კარიერის სტრატზეა და უკვე სპეციალისტები ისე აალაპარაკა ვეჭვობთ ის ევროპაში დიდხანს დატოვონ. ახლახანს, უნიჭიერესმა ქართველმა კალათბურთელმა სერბული „მეგა ბიმაქსი“ დატოვა და მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტში“ გადაბარგდა, რომელიც ევროლიგაში თამაშობს. საქართველოს ნაკრების ცენტრიც უმალ ახალი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა და ევროლიგაში უკვე 5 მატჩის თამაშიც მოასწრო, თან ისე, რომ თავი არცერთში შეურცხვენია. უფრო მეტიც, ახლახანს, ბუდუჩნოსტმა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი დააჩოქა, ხოლო ბითაძემ პარკეტზე იფრინა და თავისიანების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

 

 

მოკლედ, გოგა ბითაძე ავტორიტეტებს არ ცნობს. ისიც სათქმელია, რომ ქართველი კალათბურთელებიდან ევროლიგაზე ასეთი წარმატებული დებიუტი და ხმაურიანი სტარტი არავის ჰქონია, თუმცა წინ ზაფხული და ნბა-ს დრაფტია.

 

ლიდერსპორტმა, გოგა ბითაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ვფიქრობთ მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს:

 

- გოგა, გმადლობთ რომ ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ. მოდით, საუბარი პირდაპირ ევროლიგით დავიწყოთ...

 

-უდიდეს გამოცდილებას ვიღებ. ევროლიგა კალათბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია და იქ თამაში ყველასთვის საამაყოა. თავიდან მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ალღო კარგად ავუღე. ევროპის უძლიერესი ცენტრების წინააღმდეგ თამაში ერთი სიამოვნებაა. როგორც კალათბურთელი ვიზრდები და ბევრს ვსწავლობ.

 

 

-ბუდუჩნოსტი აუტსაიდერებშია. რა არის ამის მიზეზი?

 

-ორ ფაქტორს ავღნიშნავდი. ერთი, რომ გამოცდილება გვაკლია, რადგან ბუდუჩნოსტს ევროლიგაზე დიდი ხანია არ უთამაშია და მეორე სხვა გუნდებთან შედარებით მწირი ბიუჯეტი გვაქვს. ესეც, რომ არ იყოს, რამდენიმე მატჩში აშკარად არ გაგვიმართლა და მოსაგები წავაგეთ. თუნდაც, სტუმრად ბაიერნთან და მაკაბისთან დაპირისპირებები გავიხსენოთ, სადაც მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით.


ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. ჩვენ პარკეტზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ.

 

-აქვე ადრიატიკის ლიგაზეც ვთქვათ, სადაც პარალელურად მონაწილეობთ. რა არის გუნდის მიზანი?

 

-ამ ტურნირზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ევროლიგაზე. ადრიატიკის ლიგა დაბალი დონის შეჯიბრი ნამდვილად არ გახლავთ და იქაც ადვილი გასეირნება არავის აქვს.

მიზანი, როგორც შარშან, რა თქმა უნდა წლეულსაც ტურნირის მოგებაა. ახლა მესამე ადგილზე ვიმყოფებით და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ჩემპიონის ტიტული დავიცვათ.

 

 

-როგორ მოხდა ბუდუჩნოსტში თქვენი გადასვლა? თქვენი ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელი იყო...

 

-ყველაფერი ერთ ღამეში გადაწყდა. დილით აგენტმა ბილეთი დამიდო და მითხრა, რომ ახალ კლუბში მივდიოდი.

 

ამით ალბათ ნაბიჯი უკან არ გადამიდგამს. ბუდუჩნოსტი მეგა ბიმაქსზე ძლიერი გუნდია. უმთავრესი მოტივაცია კი ბუნებრივია ევროლიგა იყო. აქ მეტ გამოცდილებას შევიძენ, რაც კარიერული წინსვლისთვის უსათუოდ გამომადგება.

 

-სერბეთში გულშემატკივრები არ გაგინაწყენდნენ?

 

-მეგა ბიმაქსმა ბევრი შემძინა. იქ, როგორც კალათბურთელი ჩამოვყალიბდი და გუნდის დატოვება ადვილი არ ყოფილა.

 

თანაგუნდელებმა გამიგეს და იმედია გულშემატკივრებიც არ მიწყენენ, რადგან ევროლიგაში თამაში ცოტას არ ნიშნავს. ეს ბევრი კალათბურთელის სურვილია. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.

 

 

-ევროლიგაზე თამაშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ახალ გუნდს კარგად შეეწყვეთ...

 

-დიახ, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ახალი თანაგუნდელები თბილად დამხვდნენ. ქალაქის ქუჩებში გულშემატკივარი მცნობს.

 

გუნდში ფენერბახჩესთან მატჩის წინ წარმადგინეს და დარბაზში ქომაგის ოვაციებმა ჩემზე დიდი ემოციური გავლენა მოახდინა. მათგან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ვიგრძენი. მეც ვეცდები გულშემატკივარი კარგი თამაშით გავახარო.

 

-გოგა, ბუდუჩნოსტში ალბათ დიდხანს გაჩერებას არ აპირებთ და თვალი ნბა-სკენ გიჭირავთ...

 

-აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები. ევროლიგას და ადრიატიკის ლიგას ვითამაშებ და შემდეგ ძველ გუნდში, მეგა ბიმაქსში დავბრუნდები.

 

NBA ყველა კალათბურთელის ოცნებაა. ოკეანისგაღმა მოხვედრა ზღაპარივითაა. რა თქმა უნდა ჩემი მიზანიც ეს არის და ზაფხულში დრაფტზე დავდგები, მთავარია მანამდე ჯანმრთელად დავრჩე და პრობლემები არ შემექმნას. რეჟიმს ვიცავ, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და მომავალშიც ასე გავაგრძელებ.

ბუდუჩნოსტში გადმოსვლაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ევროლიგაზე თამაში უფრო ძლიერ კალათბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარება.

 

 

-მოდით, ნაკრებზე გადავერთოთ. როგორ შეაფასებდით მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის თამაშს?

 

-უპირველესად დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო. თბილისში, გადაჭედილ სპორტის სასახლეში თამაში ერთი სიამოვნებაა. ჩვენც, ასეთი მხარდაჭერით შეგულიანებულნი მაქსიმალურად ვცდილობთ ბოლომდე დავიხარჯოთ და ქომაგი გავახაროთ. ხან გამოგვდის, ხან არა, მაგრამ ეს კალათბურთია, სადაც ყოველთვის გამარჯვებული ვერ გამოხვალ.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი თითქმის აღარ გვაქვს, რაც გულდასაწყვეტია, მაგრამ იმას ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ბოლომდე არ ვიხარჯებოდით. იყო მატჩები, სადაც ფატალურად არ გაგვიმართლა, ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ეტაპზე შესუსტებული შემადგენლობით გვიხდებოდა თამაში, რადგან შერმადინი და შენგელია ვერ გვეხმარებოდნენ.

 

-იგივე პრობლემის წინაშე ახლა თქვენც აღმოჩნდებით, რადგან ევროლიგაში თამაშის გამო ნაკრებს ვეღარ დაეხმარებით...

 

-ამის გამო გული მწყდება. ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. დიახ, შესარჩევის დარჩენილ მატჩებში ნაკრებს ვეღარ დავეხმარები, მაგრამ მეორეს მხრივ ევროლიგა კიდევ უფრო გამზრდის, რაც სამომავლოდ ნაკრებისთვისაც კარგი უნდა იყოს.

 

 

-წინ 2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპია. როგორ უყურებთ ჩვენი ნაკრების მომავალს?

 

-ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი არ მალავს, რომ გუნდს სწორედ ამ შესარჩევისთვის ამზადებს. ნაკრები არაერთმა მაღალი დონის, გამოცდილმა კალათბურთელმა დატოვა, ასეთ დროს კი თაობათა ცვლის პროცესი ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს გარდამავალი ეტაპი კარგად გადავლახეთ.

 

რაც შეეხება, ახალგაზრდა კალათბურთელებს, ნიჭიერი თაობა იზრდება და მეც მათთან ერთად ყველაფერს ვიზამთ ნაკრების წარმატებისთვის.

-თქვენი აზრით რა არის ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები?

 

-დაკონკრეტება გამიჭირდება. ვფიქრობ, კომპლექსური პრობლემა არ გვაქვს. რომელიმე მოთამაშეს ხან წაუვა თამაში და ხან ჩააგდებს.

 

-გოგა, თქვენზე უკვე არაერთი პოპულარული უცხოური გამოცემა წერს და გაქებთ.  ეს როგორ მოქმედებს, რა განცდაა?

 

-რა თქმა უნდა სასიამოვნო განცდაა, მაგრამ მაინც ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ჩემი მთავარი ამოცანაა ამ ზაფხულისთვის სათანადოდ ვიყო მზად, დავრჩე მოტივირებული და გზიდან არ გადავუხვიო.

 

 

-თავიდან ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ ასეთ ადრეულ ასაკში უკვე ნბა-ში მოხვედრის შანსი გექნებოდათ...

 

-გულშემატკივრის მხარდაჭერა უფრო მაძლიერებს. ხალხის სიყვარული ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, თავიდან ამაზე ფიქრიც კი სასაცილოდ მეჩვენებოდა. კალათბურთზე უბრალოდ გასართობად და ზედმეტი ცხიმების დასაწვავად შემიყვანეს. ახლა კი თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ, რადგან ცხოვრება სპორტის ამ სახეობას დავუკავშირე.

 

-მოდით, ბარემ მკითხველს კალათბურთში თვენი პირველი ნაბიჯებიც გავახსენოთ...

 

-სექციაში 6 წლის ასაკში მივედი. თავიდან ვარჯიში დინამოში დავიწყე, თუმცა იქ მხოლოდ ერთ თვეს დავრჩი. საკალათბურთო ანბანი კი დავით წიკლაურმა შემასწავლა, რომელიც ჩემი პირველი მწვრთნელი იყო.

 

შემდეგ იყო კლუბი „ჰიუნდაი“ და ლაშა თოიძე, სადაც ბევრი ვისწავლე. ამასობაში ასაკობრივ ნაკრებშიც გამომიძახეს, იქ კი ნიკო ჩერქეზიშვილთან მომიხდა მუშაობა და ჩემს კალათბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

მოგვიანებით საკალათბურთო კლუბ ვითაში აღმოვჩნდი, რომელიც VTB ლიგაში თამაშობდა. პარკეტზე დიდხანს ყოფნა არ მიწევდა, რადგან მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, მაგრამ გამოცდილება კი მივიღე. ამის შემდეგ კი ჩემმა აგენტმა ლევან მიქელაძემ სერბულ მეგა ბიმაქსს დამაკავშირა, სადაც 4 წელი დავყავი და უდიდესი პროგრესი მქონდა.

 

მინდა ყველა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო.

 

 

-ყველაზე ტკბილ-მწარედ რომელი მატჩები გახსენდებათ?

 

-საბერძნეთთან, თბილისში განცდილი მარცხი ხანდახან ახლაც კოშმარულად მახსენდება. წარმოუდგენელი რამ მოხდა და ყველამ ძალიან განვიცადეთ.

 

სასიხარულო მატჩებიც ძირითადად ნაკრებს უკავშირდება, როგორც ასაკობრივს, ასევე ეროვნულს. ბავშვობაში დონეცკის და თურქეთის ტურნირები მოვიგეთ და მახსოვს სიხარულისგან ღამეები არ გვეძინა.

ისრაელთან ბოლო წამებზე მოგება უდიდესი ბედნიერება იყო.

 

-კუმირი თუ გყავთ?

 

-უცხოელებიდან გამორჩეულად არავინ მიყვარს და არც არავის ვბაძავ. მე, ეროვნული ნაკრების თამაშებზე გავიზარდე და სწორედ ისინი იყვნენ ჩემთვის მისაბაძები.

 

-კალათბურთის გარდა სპორტის რომელი სახეობა გიყვართ?

 

-ტელევიზორში ძირითადად კალათბურთი მაქვს ჩართული, თუმცა მიყვარს ასევე რაგბის და ჩოგბურთის ყურება.

 

-ჰობი თუ გაქვთ?

 

-წიგნების კითხვა და მუსიკა.

 

-თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

 

-თუ საქართველოში ვარ, რაც ძალიან იშვითად ხდება უმეტესად ოჯახის წევრებთან ერთად. ისე კი მიყვარს კომპიუტერული თამაშები და მეგობრებთან ყოფნა, რომლებიც, როგორც სერბეთში, ასევე მონტენეგროში საკმაოდ შევიძინე.

 

-რომ არა კალათბურთი ვინ იქნებოდა გოგა ბითაძე?

 

-რთული კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. ღრმა ბავშვობიდანვე კალათბურთით მოვიწამლე, ასე რომ სხვაგან ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია.

 

 

-რომელი კერძი გიყვარს?

 

-ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები. როდესაც საქართველოში ვარ ხაჭაპურს, ხინკალს და არაერთ კერძს გეახლებით, თუმცა ვცდილობ თავი ვაკონტროლო, რადგან ზედმედი წონის პრობლემა არ შემექმნას.

 

-სიმაღლე კალათბურთში კი გადგებათ, მაგრამ ზოგადად ცხოვრებაში უხერხულობას ხომ არ გიქმნით?

 

-სკოლის პერიოდში უხერხულობის განცდა კი მქონდა. კლასელები და სხვა მოსწავლეები მაშტერდებოდნენ და შემდეგ ერთმანეთში ჩურჩულებდნენ.

 

-გოგა, გარდა ფარქვეშ თამაშისა, თქვენ 3 ქულიანებსაც კარგად ისვრით...

 

-ვცდილობ, მხოლოდ 3 წამიან ზონაში თამაშით არ შემოვიფარგლო. შორიდან სროლა ბავშვობიდანვე მიყვარდა და ახლაც ვარჯიშებზე ვცდილობ ეს კომპონენტი, რასაც პერიმეტრიდან სროლა ჰქვია კიდევ უფრო დავხვეწო.

 

თანამედროვე კალათბურთში ყველაფერში მაგარი უნდა იყო.

 

-დაბოლოს, ახალი წელი დაიწყო. რას ეტყოდით გულშემატკივარს?

 

-ქართველი გულშემატკივრისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თბილისში თამაშის დროს ყოველთვის ადრენალინის მოჭარბებას განვიცდით.

 

ნაკრებს წინ კიდევ ბევრი გამოწვევა ელის და დარწმუნებული ვარ ჩვენი თაობა თავის მძლავრ სიტყვას არაერთხელ იტყვის.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი