ლაბირინთი სახელად გიო ქინქლაძე

ქართველი გულშემატკივრებისგან, იმ ბნელი და საზიზღარი 90-იანების განათებისთვის მადლობის მეტი რა ეკუთვნის

რა დრო გავიდა! ისინი, ვისაც ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა არ უნახავს, უკვე კაცები არიან; ავსა და კარგზე 90-იანი წლებით მსჯელობენ. ისინი, ვისაც პაიჭაძის გუნდი ახსოვდა, თითქმის ყველა წასულია — თითოოროლაღა დარჩა,  ღმერთმა ჯანი მისცეთ. მესხისა და მეტრეველის ეპოქაში გაზრდილები ბერდებიან და ჩვენ, „ყიფიანელებიც“ ბაბუები ვხდებით.

 

ამ ოცი წლის წინ კი ასე ვამბობდით ხოლმე — აბა, დღევანდელი თაობიდან ახალკაცის დინამოში რომელი მოხვდებოდაო და იწყებოდა მერე კამათი. ეს მაგარია, მაგრამ „სასტავიდან“ იმას მაინც ვერ ამოაგდებდა და ა.შ.

 

 

და იყო ერთი კაცი, რომელზეც ყველა თანხმდებოდა, რომ რამენაირად უნდა ჩაესვათ იმ დინამოს შემადგენლობაში. სად? რა პოზიციაზე? ვის ნაცვლად? ამას კარგი მოფიქრება უნდოდა. სხვადასხვა ვარიანტებს ამბობდნენ, წვალობდნენ, ტვინს იჭყლეტდნენ, მაგრამ დაჟინებით ცდილობდნენ რომ რამენაირად თერთმეტეულში მოეხვედრებინათ. ეს კაცი გახლდათ გიორგი ქინქლაძე — ფეხბურთელი, რომელიც საქართველოსა და მანჩესტერ სიტის კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.

 

მაგრამ არ გახდა.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ გახდა უნდა მეთქვა?  

 

მე მაინც მგონია, რომ გახდებოდა!

 

 

თუმცა, მეორე თეორიაც არსებობს. თურმე დიდ დავით ყიფიანს ჰყვარებია თქმა: ვისაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ყველამ ითამაშაო. იმ გაგებით, რომ ყველა ვინც ნიჭიერი იყო, მაგრამ ზარმაცი; ნიჭიერი იყო, მაგრამ მრუდე გზას გაჰყვა; ნიჭიერი იყო, მაგრამ ფეხი იტკინა და მოედანზე დაბრუნება აღარ ისურვა იმ კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც დიდი ფეხბურთის თამაში მთავარ მიზნად არ ჰქონდა დასახული.

 

 

ასეა? არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგი ქინქლაძე უდიდესი ნიჭის კაცი იყო, რომლის შესახებ მე ბლოგი არასდროს დამიწერია და რატომღაც ახლა მომეპრიანა. კიდევ ის ვიცი, რომ მან დიდი ფეხბურთი ითამაშა, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ კიდევ უფრო დიდი მწვერვალები უნდა დაეპყრო.

თუ სწორად მახსოვს თემურ ქეცბაიამ მესის შეადარა. იმ დონეზე შეეძლოო.

 

 

როგორ გითხრათ. მაინც, სხვადასხვა ბედი და ბიოგრაფიაა. ბოლოს და ბოლოს წარმატება მარტო ნიჭზე ხომ არ არის დამოკიდებული, საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა მოხვდე. მაგალითად გვარდიოლას ბარსელონაში, ჩავის და ინიესტას გვერდით. ანუ, გენიოსი რომ ხარ, ცხოვრებამ ამის დასამტკიცებლად პირობები უნდა შეგიქმნას.

 

ერთი მოთხრობაა ასეთი. საიქიოში მსჯელობენ ვინ იყო ყველაზე დიდი მხედართმთავარი. ზოგმა ნაპოლეონიო, ზოგმა მაკედონელიო. არაო, თქვა ერთმა. ყველაზე დიდი მხედართმთავარი აი, ეს კაცი იყოო და ხელი უცნობისკენ გაიშვირა. კი მაგრამ, ეს ვინ არისო, იკითხეს. ეს კაცი გენიოსია, უბრალოდ არ გაუმართლა, მის ცხოვრებაში ომი არ ყოფილაო…

 

ეს ისე გამახსენდა. ყველაფერში ბედი რომ გჭირდება კაცს.

 

 

მესი ძალიან დიდი მოვლენაა. ბუმბერაზი. და ის უკიდურესად პრაქტიკოსია.

 

არანორმალურად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს.

 

გიო? გიო მგონი სხვა სტილის ვარსკვლავებში გადიოდა. თუკი მესი „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე უმოკლესი ტრაექტორიით მიქრის, გიო ამ ორ პუნქტს შორის ლაბირინთებს ხაზავდა და ეს ლაბირინთები მხოლოდ მას ესმოდა, მეტოქეები კი შიგ იკარგებოდნენ.

 

 

ეს კი უკვე სულ სხვა ხერხია, სხვა მიდგომაა. ქინქლაძეს თავისებური ფეხბურთის თამაში ეხერხებოდა და თან ისე, რომ… უნდა გავიმეორო: მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შეეძლო დარჩენა. მარტო მანჩესტერისა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი არა.

 

ახლა კი თუ გინდათ დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ: გავარდნილ მანჩესტერ სიტის ჩემპიონშიპში რომ არ ჩაჰყოლოდა და თუნდაც იქვე, ინგლისში სადმე სხვა გუნდში გადასულიყო… ანდა, რომ გამართლებოდა და სიტიდან რომელიმე ისეთ კლუბში მოხვედრილიყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გაიბრწყინებდა….

 

საოცრად დიდი პოტენციალის კაცი იყო და იმიტომ ვამბობ ამას ყველაფერს, თორემ ისე, ჩვენგან, ქართველი გულშემატკივრებისგან, იმ ბნელი და საზიზღარი 90-იანების განათებისთვის მადლობის მეტი რა ეკუთვნის.

 

 

 

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი