ფინალებამდე ერთი ნაბიჯია

ქართველი ძიუდოისტები პარიზში ყოჩაღობენ

პარიზში დაწყებული გრანდ-სლემი ძიუდოში ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს ქართველი კიმონოისტებისთვის. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 წონით კატეგორიაში 6 ქართველი გავიდა, რომელთაგან მედლის მოპოვების შანსს სამი ინარჩუნებს.

 

ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე ნახევარფინალში არიან, ხოლო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების  ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

 

სიურსპირზი გამოდგა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძის ნახევარფინალში გასვლა, რომელიც დიდ შეჯიბრებებს ნელ-ნელა ეჩვევა. ნოზაძემ გზად ესპანელი, ფრანგი და ეკვადორელი მეტოქეები ჩამოიშორა და ფინალში გადასასვლელად იაპონელ ტაკატოს დაუპირისპირდება, რომელიც უდავოდ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ჩვენებურს დასაკარგი არაფერი აქვს და ვინძლო სენსაციაც გამოაცხოს.

 

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალისტს, ვაჟა მარგველაშვილი უდავოდ ნოზაძეზე გამოცდილია. 66 კილოგრამ წონაში მარგველაშვილმა ჯერ მასპინძელი აზემა დაიბრიყვა, შემდეგ იტალიელი მედვესი, ხოლო მეოთხედფინალში გერმანელ სეიდლს სძლია. ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელ შმაილოვს დაეჭიდება.

 

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლაშა შავდათუაშვილს ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ორი მოგებული ბრძოლის შემდეგ შავდათუაშვილი მონღოლ ტოგბათაარს ვეღარ გაუმკლავდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ურთიერთობის გარკვევა სომეხ კარაპეტიანთან მოუწევს.

 

რაც შეეხებათ დანარჩენ ქართველ ძიუდოისტებს, ლაშა გიუნაშვილმა (73კგ) სტარტზევე წააგო ალჟირელ ნოურინესთან, ნიკო ჭიკაიძეც (66კგ) პირველ წრეში დამარცხდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი მეორე წრეში ყაზახ სმეტოვს დაეჩაგვრინა.

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი