რუმინეთი შებოჭილ-დალელოვებულია

საქართველოს ნაკრებმა პრინციპული მეტოქე დაამარცხა

ბორჯღალოსნებმა 2019 წელი გამარჯვებით დაიწყეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ეგიდით გამართულ პირველ მატჩში პრინციპული მეტოქე - რუმინეთის ნაკრები მათსავე მოედანზე დაამარცხა.

 

ქალაქ კლუჟში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სტადიონზე,  მილტონ ჰეიგის გაწრთვნილებმა მასპინძლებს 18:9 მოუგეს და გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც“ დაისაკუთრეს.

 

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დაპირისპირებას საბრძოლო შემადგენლობით ვერ შეხვდა. ზედ მატჩის დაწყების წინ გუნდს კაპიტანი მერაბ შარიქაძეც გამოაკლდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოედანზე მყოფმა ქართველმა მორაგბეებმა ძლიერ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს.

 

პირველი ნახევარი რუმინელებმა 6:3 მოიგეს.  ტაიმის მიწურულს, თედო აბჟანდაძის გატანილი ჯარიმა საქართველოს ნაკრებისთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი გამოდგა. მეორე ტაიმში კი ბორჯღალოსნებმა სადავეები მთლიანად ხელში ჩაიგდეს და მოწინააღმდეგე ორჯერ დაალელოვეს. განსაკუთრებით აღნიშნვნის ღირსია ბექა გორგოძის ფანტასტიური ლელო, რომელმაც ნახევარი მოედანი ისე გადასერა მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. სწორედ გორგოძის ეს ლელო აღმოჩნდა მატჩში გარდამტეხი.

 

რაგბი ევროპის ეგიდით მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი