ქართველი ბარბაროსებში

სარაგბო ტრადიციების მიმდევარი, მუდამ ლაღად მობურთალი “ბარბაროსები” საქართველოსაც არაერთხელ წვევიან. 

კარდიფ ბლუზის ბორჯღალოსანი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი გახდება მეშვიდე ქართველი მორაგბე, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული კლუბის, ‘ბარბაროსების’ ღირსებას დაიცავს.

 

ბარბაროსები  მე-19 საუკუნის მიწურულს დაარსებული კლუბია, რომელმაც პირველი თამაში 1890 წელს გამართა. მას შემდეგ ეს კლუბი პერიოდულად კრებს მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს და წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ თამაშობს. ის შავ-თეთრი ზოლიანი მაისურებით თამაშობს და მორაგბეები მოედანზე თავიანთი კლუბების გამაშებით გადიან.

 

სარაგბო ტრადიციების მიმდევარი, მუდამ ლაღად მობურთალი “ბარბაროსები” საქართველოსაც არაერთხელ წვევიან. 

 

1 დეკემბერს „ბარბაროსები“ ლონდონში, „თვიქენჰემზე“ არგენტინის ნაკრებს ხვდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და ბრიტანული კლუბის მაისურს ამჯერად 31 წლის ფეიქრიშვილი მოირგებს.