ჟღალთმიანი მეტეორი

ასეთია მათიას ზამერის განვლილი ცხოვრება - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

უდიდესი გერმანელი მათიას ზამერი – ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთში, სპორტსა და ცხოვრებაში ადამიანი ერთდროულად შეიძლება იყოს წარმატებული! 
მათიას ზამერი 1967 წლის 5 სექტემბერს იმჟამინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში დაიბადა. მამა კლაუსი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, იცავდა დრეზდენის  აინტრახტის და  დინამოს ღირსებასს. 2–ჯერ გახდა გდრ-ს ჩემპიონი. ქვეყნის ნაკრებში ითამაშა 17 მატჩი.

 

პატარა მათიასიც მამის კვალს გაჰყვა და 5 წლის ასაკში შეიყვანეს დრეზდენის  დინამოს საფეხბურთო სკოლაში. თავდაპირველად მათიას ზამერი თავდასხმაში თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც, იგი იუნიორთა შორის რეგულარულად ხდებოდა სხვადასხვა ტურნირების საუკეთესო ბომბარდირი. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი 1985 წლის 24 აგვისტოს  მაგდებურგის წინააღმდეგ შედგა. 17 წლის ბიჭს ბევრი შურის თვალით უყურებდა და ამბობდნენ, რომ ასეთ ადრიან ასაკში  დინამოში მოხვედრა, მხოლოდ მამის, კლაუს ზამერის, დრეზდენის  დინამოს მთავარი მწვრთნელის ,,დამსახურება“ იყო. მაგრამ ,,ჟღალთმიანმა მეტეორმა“ თავისი ნიჭი მწვანე მინდორზე თამაშით დაამტკიცა და მოშურნეებიც უკვალოდ გაჰქრნენ.

 

1989 და 1990 წლებში  დინამო ზედიზედ ხდება გდრ-ს ჩემპიონი – დაამხო აღმოსავლეთ ბერლინის ,,დინამოს“ 10–წლიანი ჰეგემონია. დრეზდენელებმა 1989 წელს მიაღწიეს უეფას თასის 1/2 ფინალს, ხოლო 1990 წელს სულაც დუბლი შეასრულეს. წარმატებები ახალგაზრდა მათიასმა ნაკრების დონეზეც მიაღწია. 1986 წელს იუნიორთა ევროპირველობაზე გდრ-ის ნაკრებმა ფინალში იტალიელი თანატოლები იმსხვერპლა 3:1 (ერთი გოლი ფინალში ზამერის ანგარიშზეა). არ დააყოვნა ეროვნულ ნაკრებში მისმა დებიუტმაც. ამავე წლის 19 ნოემბერს პირველი შეხვედრა ზამერმა ფრანგთა ნაკრებთან ითამაშა (0:0). საგულისხმო ფაქტია, რომ გდრ-ის ნაკრების უკანასკნელი გოლი ზამერის ანგარიშზეა. 1990 წლის 12 სექტემბერს ამ ნაკრებმა ბრიუსელში უკანაკნელი შეხვედრა გამართა თავისი არსებობის მანძილზე, მასპინძელთა ნაკრები ზამერის დუბლით დამარცხდა (2:0). 
1990 წლის ოქტომბერში ,,ბერლინის კედელი“ დაინგრა და ორად გაყოფილი გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად და სავარაუდოდ სამუდამოდ გაერთიანდა. მათიას ზამერი შეიქნა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყოფილი გდრ ნაკრებიდან გაერთიანებული გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. 

 

გუნდის გამოცვლის დროც დადგა და ზამერმა  შტუტგარტს მიაშურა: ,,გდრ–ში ყურადღება კოლექტიურ თამაშს ექცეოდა, ბუნდესლიგაში კი ინდივიდუალიზმს, რაც ჩემთვის იდეალური ვარიანტია“. – განაცხადა ზამერმა  შტუტგარტში გადასვლისას. 1992 წელს ,,შვაბები“ გერმანიაში 8-წლიანი ლოდინის შემდეგ გაჩემპიოდნენ, რაც ჩვენი სტატიის გმირის დიდი დამსახურება იყო, ამასაც არ დასჯერდნენ და ,,დესერტად“ გერმანიის თასიც მოიგეს. 
ევრო 92-ზე შვედეთში გაერთიანებული გერმანიის ნაკრები ფინალში ,,დანიურ დინამიტთან“ დამარცხდა. ევროპელ ქორისთვალება სელექციონერებს არ გამოჰპარვიათ ,,დრეზდენელი ინდივიდუალისტის“ შესანიშნავი თამაში. ყველას იტალიურმა გრანდმა, მილანის  ინტერმა დაასწრო. იმ ხანებში შტუტგარტმა ზამერის სანაცვლოდ გაუგონარი თანხა, 10 მილიონი გერმანული მარკა მიიღო. მისთვის მილანის ,,ინტერი“ პირველი და უკანასკნელი უცხოური გუნდი აღმოჩნდა. ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ დიდად უკმაყოფილომ აპენინური ჩემპიონატით, სამზარეულოთი და ცხოვრების წესით, ზამერმა ისევ სამშობლოს მიაშურა - 8,5 მილიონი მარკის საფასურად ის დორტმუნდის  ბორუსიაში გადადის.

 

რურის სამრეწველო ოლქის ქალაქის გუნდში ის უმალ გალიდერდა – ზამერმა თავისი საფეხბურთო კარიერის პიკს სწორედ დორტმუნდის  ბორუსიაში უწია. 1996 წელს გახდა ,,ოქროს ბურთის“ ლაურეატი, 1995 და 1996 წლებში ზედიზედ გახდა გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ,,ჟღალთმიანი მეტეორის“ კაპიტნობით რურელებმა ზედიზედ ორჯერ (1995 და 1996 წლებში) იჩემპიონეს და გერმანიის სუპერთასიც მოიგეს. დაბოლოს, 1997 წელს საკლუბო დონეზე უპირველესი ტიტული – ევროპის ჩემპიონთა თასი აღმართეს. სანაკრებო დონეზე კი ზამერმა 1996 წელს ინგლისში, ევროპის პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
90–იანი წლების შუახანებში ზამერი მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა, მათიას ზამერი: ,,ხელმეორედ ოპერაცია აღარ უნდა გამეკეთებინა. ოპერაციის შედეგად მუხლში ინფექცია შემეჭრა და იძულებული გავხდი კარიერა დამემთავრებინა. თუმცა, ეს მაინც არ იყო ჩემი შეცდომა, ადამიანმა წინასწარ ხომ არ იცის რა ელოდება მომავალში? სულაც არ მაქვს საქმე საწუწუნოდ, მე მყავს მეუღლე და სამი შვილი. მე ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ“.
აქტიური ფეხბურთიდან წასვლის ორი წლის თავზე ზამერი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა – სათავეში ჩაუდგა მშობლიურ კლუბად ქცეულ დორტმუნდის  ბორუსიას. რა თქმა უნდა, მას არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ქონდა, მაგრამ ფრანც ბეკენბაუერმა შემდეგი რამ განაცხადა: ,,ისინი ვინც ამბობენ, რომ ის მწვრთნელი არ არის, სჯობს სწორედ ზამერისგან ისწავლონ მწვრთნელობა“. ბავშვობის წლების მსგავსად, როცა ზამერს დრეზდენის  დინამოში შურის და ეჭვის თვალით უყურებდნენ, აქაც იგივე განმეორდა, ყველა კრიტიკოსი და მოშურნე უკვალოდ გაქრა. ლეგენდამ მორიგი სასწაული შემოგვთავაზა, ამჯერად მწვრთნელი–ზამერის როლში. უგო ლატეკთან ერთად სამწვრთნელო დუეტში ჩაიბარა წყალწაღებული, მისი წასვლით დასუსტებული  ბორუსია. სატურნირო ცხრილის ფსკერზე დალექილი გუნდი გავარდნას გადაარჩინეს. შემდეგ უგო წავიდა, ზამერმა კი მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდი ჩემპიონობის ტიტულამდე მიიყვანა, იმავე 2002 წელს გუნდმა უეფას თასის ფინალი დათმო როტერდამში, მასპინძელ ,,ფეიენოორდთან“ (2:3).

 

2004–05 წლების სეზონში ერთი წლით ჩაიბარა ასევე ყოფილი გუნდი  შტუტგარტი, რის შემდეგაც, 2006 წელს გადაინაცვლა გერმანიის საფეხბურთო საბჭოს (DFB) დირექტორის სავარძელში. ეს ის დროა, როცა გერმანულ ფეხბურთში ტალანტების დეფიციტია, მთელი საფეხბურთო ქვეყანა მოსთქვამს მომავლის შიშით. აქაც გამოავლინა მათიას ზამერმა თავისი უსაზღვრო ნიჭი და შეიძლება ითქვას 6-წლიანი მუშაობის შედეგად ფურორი მოახდინა. ამ წლებში გერმანიაში აღიზარდნენ და მის მინდვრებზე გამოჩნდნენ ისეთი შესანიშნავი ტალანტები, როგორებიც არიან: ნოიერი, ბადშტუბერი, ჰოვიედესი, ჰუმელსი, ჰოლტბი, დრაქსლერი, გიოტცე, გროსკროიცი, გიუნდოგანი, როისი, ტერ შტეგენი, კროოსი. ასევე აღიზარდნენ სხვა ქვეყნის ტალანტები: ალაბა, პიშჩეკი, ლევანდოვსკი, შახინი. ეს ყველაფერი ზამერის მიერ ექვსი წლის მანძილზე შექმნილი სისტემის დამსახურებაა. 2012 წელს ზამერმა ვალმოხდილმა დატოვა დირექტორის თანამდებობა და ჩაიბარა მიუნჰენის ,,ბაიერნის“ სპორტული დირექტორის პორტფელი. ამ დროს სკ ,,ჰოლივუდი“ ყველა ტურნირში დამარცხდა, ყველაზე მტკივნეული კი საშინაო კედლებში ჩემპიონთა თასის ფინალის წაგება გახლდათ. მაგრამ ჩვენი სტატიის გმირი ხომ ,,გაჭირვების ტალკვესია“. აქედან ცხრა თვის თავზე გუნდმა მოიპოვა ის ჯილდოები, რაც ბოლო წუთს დათმო განვლილ სეზონში, ამ ტიტულების გვირგვინი იყო ,,ბარსელონას“ განადგურება 7:0.
ასეთია მათიას ზამერის განვლილი ცხოვრება, რომელიც, როგორც ხედავთ დახუნძლულია წარმატებებით, რაც მისი ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.