სულიკო დავითაშვილი: ბაიერნთან იქით უნდა მოგვეგო

სულიკო დავითაშვილი საინტერესო პერსონაა ქართულ ფეხბურთში. საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ნამდვილად კარგი თავდამსხმელი გახლდათ.

ახლა კი შვილი მიჰყვება მის კვალს. ზუკა დავითაშვილი ახალი თაობის ქართველ ფეხბურთელებში ერთ–ერთი გამორჩეულია. თავად სულიკო კი თბილისის ლოკომოტივის 19–წლამდელთა გუნდს წვრთნის. ლოკო ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 

საერთოდ, ასაკობრივ ლიგებს ყველაზე ხშირად თბილისის დინამო იგებს, ასევე, საბურთალოსაც ჰყავს კარგი ასაკები, ლოკო კი ხშირად ვერ ახერხებს. შარშან მოიგო 17–წლამდელთა ლიგა და აი, ამჯერად 19–წლამდელები.

 

ფეხბურთელთა განვითარება, ნიუანსები, ნაკლოვანებები. ამის შესახებ ვესაუბრეთ დავითაშვილს:

 

უპირველესად, რის ხარჯზე მოახერხა ლოკომოტივმა ჩემპიონობა?


თავიდან სირთულეები შეგვხვდა. ლოკოს 19–წლამდელთა გუნდში რომ მივედი, ფეხბურთელები წასულები იყვნენ. მხოლოდ 7 მოთამაშე იყო დარჩენილი და შემდეგ კიდევ 4 მე გავუშვი. სელექციაზე სასწრაფოდ მუშაობა მოგვიწია. მოხარული ვარ, რომ სეზონი სტაბილურად ჩავატარეთ, ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ (ბომბარდირი რევაზ ინჯგია 28 გოლით) და ერთი თამაშიც კი არ წაგვიგია.

 

მთავარი ბრძოლა დინამოსთან გქონდათ. შინ მოუგეთ (2:1), სტუმრად კი 1:1 ითამაშეთ...


ასეა. გადამწყვეტი გამოდგა მეორე შეხვედრა სტუმრად, როცა ვაგებდით და გავათანაბრეთ. თუმცა არა მხოლოდ დინამო. კარგი გუნდები ჰყავდათ შევარდენსა და საბურთალოსაც. მაგალითად, საბურთალოს შინ დიდი ანგარიშით ვძლიეთ (7:0), მაგრამ ბოლოსწინა ტურში ვერ მოვუგეთ (1:1). მადლობა თითოეულ ფეხბურთელს. წლის განმავლობაში რამდენიმე მათგანი ლოკოს მთავარ გუნდში დაწინაურდა და კიდევ რამდენიმე შეუერთდება მათ.

 

ზაფხულში თქვენს გუნდს მიუნხენში ჰქონდა მატჩი ბაიერნის 19–წლამდელებთან და 1:1 დაასრულა. მოგვიყევით იმ მატჩზე.


ბევრს გაუკვირდა, რომ არ წავაგეთ, მაგრამ პირიქით, უნდა მოგვეგო. თამაშიდან და საგოლე მომენტებიდან გამომდინარე, უპირატესობა გვქონდა. ხუთი გოლი უნდა გაგვეტანა და ერთი შევაგდეთ (შოთა შეყილაძემ – ავტ.). თავიდან, 20–25 წუთის განმავლობაში ნერვიულობდნენ ჩვენი ფეხბურთელები, მხოლოდ ბაიერნის დალაგებულ თამაშს უყურებდნენ. მერე ირწმუნეს საკუთარი ძალა. სწორედ ეს აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს: საერთაშორისო გამოცდილება, თვითრწმენა. კონკურენცია და ძლიერ გუნდებთან ხშირად თამაშია საჭირო. მინდა მადლობა გადავუხადო ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ გუნდთან თამაშის საშუალება მოგვეცა. როგორც ვიცი, კიდევ გვექნება საერთაშორისო თამაშები, მაგრამ მეტოქეები დასაზუსტებელია.

 

ასაკობრივ ლიგებში, სამწუხაროდ, ძალიან დიდი სხვაობაა გუნდებს შორის. 7:0, 8:0, ზოგჯერ ორნიშნა რიცხვებიც...


დიახ, ასეა. ვერაფერს ვერ მოგცემს იმ გუნდთან თამაში, რომელსაც ასეთი ანგარიშით უგებ. ვინც ჩვენს 19–წლამდელთა მატჩს უყურა დინამოსთან, დამერწმუნება, აი, ასეთი თამაშები მეტი რომ იყოს, ქართული ფეხბურთი გაცილებით წინ იქნებოდა. თუმცა სამწუხაროდ, ყველა დინამო ვერ არის. ამერში როცა ვთამაშობდი, გერმანიის ჰერტა შეგვხვდა ევროტურნირებზე. ხალხს ეგონა, ორივე თამაშს დიდი ანგარიშით წავაგებდით. არადა, გერმანიაში 0:1 წავაგეთ, შინ კი ორჯერ ვიგებდით და 2:2 მორჩა.

 

ჰერტა იმ დროს ბუნდესლიგას ლიდერობდა...


დიახ, ექვსი თუ შვიდი ტური იყო გასული და პირველზე იყო. მთელმა გუნდმა ვირწმუნეთ, რომ მათთან თამაში შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები შესარჩევში კარგად ითამაშებს, რადგან ირწმუნა საკუთარი ძალა ერთა ლიგაზე. ეს მოგებები ძალიან კარგი იყო. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ.