ყოჩაღ, შერმადინი!

როგორც იქნა, ბოლო წამებზე გამარჯვების გემო საქართველოს ნაკრებმაც შეიგრძნო

თბილისის სპორტის სასახლეს დრამატული საკალთბურთო დრამები ბლომად ახსოვს. თუნდაც, რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთის ნაკრებთან განცდილი დასანანი მარცხი რად ღირს, როდესაც საქართველოს ნაკრები 38 წამით ადრე 7 ქულას იგებდა, თუმცა მაინც დამარცხდა.

 

საქართველოს და ისრაელის საკალათბურთო ნაკრებთა ჯახი მუდამ დაძაბულობით გამოირჩეოდა. შარშან, ევრობასკეტზე მათ ოვერტაიმში ვძლიეთ, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თელავივში 5 ქულის სხვაობით ვიმარჯვეთ.

 

ისრაელის ნაკრები, თბილისში ყინჩად ჩამოვიდა, რადგან 3 დღით ადრე, ძლიერი სერბეთის ნაკრები ჰყავდა დამარცხებული და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებდა. ილიას ზუროსის შეგირდებმა კი მათ ეს იმედიც გადაუწურა, თუმცა გულშემატკივარი გვარიანად კი ინერვიულებდა.

როგორც იქნა, ბოლო წამებზე გამარჯვების გემო საქართველოს ნაკრებმაც შეიგრძნო. სპორტის სასახლეში მყოფ და ტელეეკრანებთან მსხდომ უამრავ ქომაგს ალბათ ერთგვარი დეჟავუს შეგრძნება გაუჩნდებოდათ. როგორც ზემოთ ვთქვით, ისრაელის ნაკრებს ევრობასკეტზე ხომ ოვერტაიმში ვაჯობეთ და ახლაც დამატებითი ხუთწუთეული გახდა საჭირო, რადგან ძირითადი დრო 64:64 დასრულდა.

 

ქულა-ქულაში მიმდინარე ოვერტაიმში კი გამარჯვების ორქულიანი სტუმრებს ესპანური უნიკახას კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ჩაუგდო ისრაელს მატჩის გადასარჩენად 0.3 მეათედი წამი დაუტოვა.  ისტორიას, 1972 წელს, მიუნხენში, 3 წამში მოგებული ოლიმპიური თამაშების ფინალი კი  აქვს შემონახული,  მაგრამ 0.3 მეათედ წამში მატჩის მოტრიალება ნამეტანი იქნებოდა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უდავოდ ახალგაზრდა გოგა ბითაძე უნდა მივიჩნიოთ, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა გახლდათ, თუმცა დაცვაშიც აურაცხელი შავი სამუშაო შეასრულა. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ტედ მაკფადენიც, რომელმაც საჭირო დროს რამდენიმე სამქულიანი ჩააგდო.

 

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ისრაელს 71:69 მოუგო და 15 ქულით დროებით მესამე ადგილზე აღზევდა. თუმცა რატომჯ დროებით? ვინ იცის, იქნებ იქ ადგილიც შეინარჩუნოს. საამისოდ კი საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც მომდევნო ტურში ათენში ვსტუმრობთ, დღეს სერბეთს ბელგრადში უნდა აჯობოს.