ზუროსი: ნაკრებმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა

ილიას ზუროსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, უდაძაბულეს ბრძოლაში ისრალეს 79:69 მოუგო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი შედეგით კმაყოფილია, თუმცა პრობლემებზეც საუბრობს.

 

„არავის გამოვარჩევ. მთელმა გუნდმა პარკეტზე სული და გული დადო. ყველამ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო პარკეტზე ბითაძის და შერმადინის ერთად ყოფნა. კარგია რომ ბურჯანაძეც დაგვიბრუნდა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა თავი მშვენივრად წარმოაჩინა. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას ბოლომდე ვერ დავეყრდნობით.

 

ზოგადად კი ურთულესი მატჩი გამოდგა. ჩვენ მოვახერხეთ და ორი უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. შეუძლებელია, ასეთ მოკლე დროში 40 წუთი პარკეტზე იდეალურად, უხარვეზოდ ითამაშო. ამას გარდა, რამდენიმე კალათბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოვახერხეთ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე გუნდის დამარცხება.

 

აუცილებლად ცალკე უნდა ვთქვა გულშემატკივრებზე. დარბაზში დიდი მხარდაჭერა და ემოცია იგრძნობოდა. მათ უდიდესი როლი ითამაშეს გამარჯვებაში“