ქვილითაია ჩაკვეტაძეზე: მფარველი ანგელოზივით ვარ

ბელგიურ SportMagazine–ში სტატია გამოქვეყნდა გიორგი ჩაკვეტაძეზე. წერენ, რომ გენტის ახალგაზრდა ქართველს შეუძლია, რომ გიორგი ქინქლაძის, თემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის დონის შემტევი გახდეს. 

აი, რას წერს ჩაკვეტაძეზე მისი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია: „ისეთ სეზონს ატარებს, რომ უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა. ქართველებს ადრე ბევრი სახელიანი ფეხბურთელი გვყავდა. ზოგიერთმა მათგანმა მაღალ დონეზე ითამაშა ტოპ–ჩემპიონატებში. ვფიქრობ, გიორგის შეუძლია, ლევან კობიაშვილის, კახა კალაძის, შოთა არველაძის, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძის მსგავსი კარიერა აიწყოს“.

 

ქვილითაია ჩაკვეტაძის თავისებურებებზეც ჰყვება: „თუმცა გიორგი ნამდვილად არაა გადაშლილი წიგნივით. არ უყვარს ჟურნალისტებთან საუბარი, ასეა საქართველოშიც. ხანდახან მე გამოვდივარ მისი მფარველი ანგელოზივით. ვცდილობ, როგორც სპორტული, ასევე არასპორტული კუთხით გამოცდილება გავუზიარო“.

 

გენტის გენერალური მენეჯერი მიშელ ლუვაჟი: „ჩაკვეტაძის ასეთი პროგრესი არ გამკვირვებია. უბრალოდ, მის მომავალზე ბევრი საუბარი ჩვენგან სწორი არაა. არ გვინდა,  რომ იმედები გაგვიცრუვდეს. როცა გენტში მოგვყავდა, ვითვალისწინებდით მის შესაძლებლობებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაკვეტაძე, როგორც ფეხბურთელი, შედგა. გიორგი ასეთი ტალანტის მქონე ფეხბურთელი რომ არ იყოს, სკაუტები მის გარშემო არ იტრიალებდნენ“.