ჩენალტი

ბევრჯერ მომისმენია კამათი, არსებობს თუ არა აუღებელი დარტყმა. ზოგი ამტკიცებს, რომ არსებობს.

შერეკილი ერიკ კანტონა სხვაზე რომ იტყვის გიჟიაო... ზიდანზე თქვა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ელაპარაკებოდნენ, უფრო სწორად ზიზუმ მატერაცის მკერდში თავი რომ აძგერა, იმაზე. და რა თქვა კანტონამ იცით? ზიდანი რომ ნორმალური არ არის მაგ თავის ძგერებიდან კი არ ჩანს, არამედ იმ პენალტიდან, მანამდე რომ დაარტყაო. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პანენკას დარტყმა თავში აზრად მხოლოდ გადარეულს თუ მოუვიდოდაო.

 

 

სხვათა შორის, ანტონინ პანენკა კვირას, 2 დეკემბერს გახდა 69 წლის, მაგრამ ეს სხვა ამბავია. დაგვიანებით მივულოცოთ და ჩვენი გზა გავაგრძელოთ. აქ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ.

 

 

ბევრჯერ მომისმენია კამათი, არსებობს თუ არა აუღებელი დარტყმა. ზოგი ამტკიცებს, რომ არსებობს. მათემატიკურადაც გამოჰყავთ რაღაცები. ვექტორებს ხაზავენ, წყვეტილებს ავლებენ. ზოგი პირიქით ამბობს, რომ ნებისმიერი დარტყმის მოგერიება შეიძლება და თავისი პოზიციის გასამტკიცებლად თითქმის ანეკდოტური არგუმენტი მოჰყავს: თუკი იქ იდგები, სადაც ბურთი მოვა, აუცილებლად მოიგერიებო. 

 

ახლა, ვიღაც კამათს დაიწყებს, რომ მომენტიდან (სიტუაციიდან) გამომდინარე იმ ადგილას დგომა სადაც ბოლოს ბურთი მივა, შეიძლება ალოგიკური იყოს. 

 

იყოს, მერე. 

 

თუკი მეკარე შეეცდება და დადგება ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა დამდგარიყო, მაგრამ ბურთს მაინცდამაინც იქ დაარტყამენ, გოლი არ გავა. ვიძახოთ მერე, რომ მეკარე არასწორად იდგა.

 

 

ცხადია, ეს ყველაფერი თეორია და თითქმის ხუმრობაა, მაგრამ... ასეა.

 

 და პენალტის შემთხვევაში როგორღა არის საქმე?  

 

ერთი მიხსნიდა: პენალტის დროს ნებისმიერი დარტყმა ძელიდან ათ სანტიმეტრში, ოღონდ არა ხელის სიმაღლეზე, გოლიაო. ადგილიდან გადამხტარი მეკარე ვერ წვდება, ნაბიჯით გადამხტარი კი აგვიანებსო.

 

 

ნეტავ, პანენკამ თუ იცის ეს ამბავი?

 

ეცოდინება.

 

მაგრამ, ცხოვრება და მისი განუყოფელი ნაწილი — პენალტი, გაცილებით რთულია, ვიდრე სანტიმეტრების თვლა. აქ უკვე ისეთი ფაქტორები შემოდის, როგორებიცაა ნერვიულობა, ძლიერი და სუსტი ფსიქიკა, ეშმაკობა, მაყურებლის მხარდაჭერა, წინააღმდეგობა, პანენკობა, ავანტიურიზმი, მომენტის სიგიჟე, ზოგადი სიგიჟე და კიდევ მრავალი სხვა. 

 

მოკლედ, რანაირი პენალტი არ მინახავს ამქვეყნად, მაგრამ რეზო ჩელებაძე რომ არტყამდა, ისეთი მართლა არავის დაურტყამს. დადებდა ბურთს თეთრ წერტილზე, ერთი მაქსიმუმ ორი ნაბიჯით დაიხევდა უკან, მერე ნელა, ზარმაცი კაცივით გაუცაცუნებდა იმ ბურთს ფეხს და... მეკარე აქეთ წაბორძიკდებოდა, ბურთი კი ზლაზვნით იქით შეგორდებოდა. თან, მეკარისგან არცთუ შორს.

 

 

რა იყო ეს? სიგიჟე, რასაკვირველია. ეს იყო ფოკუსი, ილუზია, მაგია, ტყუილი. ჩელე იყო და რაღაცას ჩალიჩ... ჩელიჩობდა. მარტო თვითონ იცოდა რას. 

 

ძლიერად მაინც დაერტყა დალოცვილს.... სულ მეშინოდა, რომ აი, ახლა მეკარე წამოხტებოდა და ბურთს დაეწეოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. 

 

და გოლსაც რომ ასევე ნელა აღნიშნავდა... მეგონა თან დაამთქნარებდა. 

 

ჩანოვმა აუღო და ეგ იყო სულ.

 

შენ დაილოცე რეზო ჩელებაძე იმ პენალტებისთვის.