როგორ მოვუგეთ იტალიას

საქართველომ იტალიას მოუგო. ეს ყოველდღე არ ხდება და ამდენად, დასამასოვრებელი თამაში იყო ქართველი ჭაბუკებისთვის. აი, დიდხანს რომ გაგყვება, ისეთი.

 

 

19-წლამდელთა შორის ამხანაგური მატჩი თბილისში, ზესტაფონის ბაზაზე გაიმართა. წვიმამ მინდორი ვერ გააცუდა და კარგი თამაში ვნახეთ. იტალიის ნაკრებში მილანის, ინტერის, რომასა და სხვა კლუბების 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც მთავარ გუნდში ვარჯიშობენ და არცთუ იშვიათად სერია ა-ს სამატჩო განაცხადშიც ხვდებიან. უმრავლესობა ასეთი იყო, თუმცა სერია ბ-ში თითქმის მუდმივი პრაქტიკა რომ აქვთ, ასეთი ფეხბურთელებიც ჰყავდათ.

 

გიორგი მიქაძის ტაქტიკაში ერთი იყო ნიშანდობლივი: შეტევაში ჩვენები დიდი ძალებით გადადიოდნენ, ხოლო როცა ბურთი იტალიას ჰქონდა, ხუთმცველიან სისტემას მიმართავდა, რევაზ ინჯგია მარცხენა მცველი ხდებოდა. იტალიას ცენტრში ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ჩვენების შეტევები არანაკლებ მწვავე იყო.

 

პირველი გოლი  იტალიამ გაიტანა. კუთხურს მოჰყვა ედი სალსედოს თავური და 0:1.

 

ჩვენებმა მალე გაათანაბრეს: ზუკა დავითაშვილმა წინ კარგად წაიღო ბურთი, პირისპირ დატოვა გიორგი გულიაშვილი და მისი დარტყმული რიკოშეტით შევარდა კარში - 1:1.

 

სურათი თითქმის არ შეცვლილა მეორე ტაიმში. ხვიჩა კვარაცხელია კარგად ჩაერთო თამაშში და ძელსაც მოარტყა ბურთი, მანამდე კი, მეორე ტაიმის შუაში, დავითაშვილმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა. მეკარემ მოიგერია...

 

შანსები იტალიელებსაც ჰქონდათ, მაგრამ უფრო სტანდარტულების შემდეგ. აქვე დავწეროთ, იტალია, საქართველოსგან განსხვავებით, ელიტრაუნდში გავიდა (თან, სამივე თამაში მოიგო) და მათი მწვრთნელი ჯიდი სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს ამუშავებდა.   

 

88-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი გავიდა. თემურ გაბუნია ზედ საჯარიმოს ხაზთან წააქციეს და საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მარტვილის მერანის ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ გოლად აქცია.   

 

საწყენია, რომ საქართველოს ეს ნაკრები ელიტრაუნდში ვერ გავიდა. საწყენიც და ცოტა საკვირველიც, მაგრამ ესაა ფეხბურთი და უხეშ შეცდომებს არ პატიობს.

 

საქართველო-იტალია 2:1

 

საქართველო: ბულისკერია, ჯაფარიძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, ინჯგია, ბაბუნაძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ივანიაძე, ფაცაცია, გაბუნია, ნანობაშვილი, შეყილაძე, გაბელაია

 

გოლები: 0:1 სალსედო (16), 1:1 გულიაშვილი (23), 2:1 ფაცაცია (88)