როცა ლეგენდა ამბობს...

მათეუსის თვალით დანახული მიუნხენის ბაიერნი

ლოთარ მათეუსი, გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის შემადგენლობაში უამრავი ჯილდო-ტიტულის მომგები, საფეხბურთო სამყაროში ფრიად დაფასებული და წონიანი სიტყვის პარტონი, მიუნხენური კლუბის ბოლოდროინდელ ამბებს გამოეხმაურა და თავისი აზრი დააფიქსირა. აზრიც დააფიქსირა და კლუბის უფროსებსა თუ მწვრთნელს გარკვეული რჩევები და შენიშვნები მისცა.

 

 

 „დრო იცვლება, ფეხბურთს სისწრაფეები ემატება და ემატება, ახალგაზრდა თაობა ამოსუნთქვის საშუალებას არ იძლევა. ამ დროს კი ბაიერნში რობენი, რიბერი, ბოატენგი, მიულერი ექვს სეზონზე მეტია თამაშობენ... წლეულს ბაიერნმა ცვლილებებზე უარი თქვა, ახლა კი ბუნდესლიგის ლიდერებთან ჩამორჩენის აღმოფრა უხდება“, - ამბობს ლოთარ მათეუსი, რომელმაც ორი სიტყვით ბაიერნის ხორვატი თავკაცი ნიკო კოვაჩიც დაახასიათა:

 

„ბაიერნში პერსპექტიული, ძალიან კარგი ჭაბუკი ფეხბურთლები იზრდებიან, მწვრთნელმა კი მათ თავის გამოჩენის შანსი უნდა მისცეს. ნიკო კოვაჩი ბაიერნში კარგა ხანი თამაშობდა, კლუბისა და ბუნდესლიგის ყველაფერი, თითოეული წვრილმანი იცის. ის პასპორტით ხორვატია, მაგრამ გერმანიაშია დაბადებული და გაზრდილი. სამწვრთნელო ასპარეზზე მას აინტრახტში ჩინებული შედეგი ჰქონდა. თავკაცობდა ხორვატიის ნაკრებსაც, რაც მიუთითებს, რომ ნიკოს ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. თუმცა ბაიერნი მაინც განსაკუთრებულია, ნიკო კოვაჩს წარმატებისთვის კლუბის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერა სჭირდება“, - თქვა ყველა დროის ერთერთმა საუკეთესო გერმანელმა ფეხბურთელმა. 

 

 

ბოლოს კი ლოთარ მათეუსმა ბაიერნის შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება:„შეცდომაა ის, რომ ბაიერნმა ახალი სეზონის წინ შემადგენლობა არ შეცვალა. კოვაჩს იმ ფეხბურთელებთან აქვს საქმე, რომლებსაც უკვე ყველაფერი მოგებული აქვთ, მათ მოტივაცია აღარ შერჩათ. როდესაც ფეხბურთელს ზედიზედ ექვსჯერ აქვს ბუნდესლიგა მოგებული, მეშვიდე წრეზე ძველებური განწყობით ვეღარ წავა. დიახ, ვფიქრობ, რომ ახლა ბაიერნის მთავარი საზრუნავი ძველი ფეხბურთელების მოტივირება და ახალგაზრდებისთვის მეტი შანსის მიცემაა. დანარჩენს თავისთავად დალაგდება.“