ქალაქი, სადაც მეფე ცხოვრობს

მადრიდი: ოცნება და სიზმარი

კიდევ ერთი მოგზაურობა. კიდევ ერთი საინტერესო კვირა ჩემს ცხოვრებაში და ოცნება რომლის ასრულებას ზუსტად 26 წელი ველოდი.

 

მადრიდის რეალი...   გუნდი, რომელიც პირველად 5 წლის ასაკში ვნახე. მაშინ ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მივხვდი რომ ეს ადამიანები ცხოვრებაში ბევრჯერ გამაბედნიერებდნენ. მახსოვს მაკელელე, ყველა დროის საუკეთესო ჩამშლელი; მახსოვს რობერტო კარლოსი, რომელიც ბარტეზს დღემდე ესიზმრება; მახსოვს რაული, გუტი, მიჩელ სალგადო, მორიენტესი, ზინედინ ზიდანი და მისი საოცარი დარტყმა ლევერკუზენის კარში; მახსოვს კატალონიიდან წამოსული ლუიშ ფიგუ და ის საოცარი გალაქტიკო, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელი რონალდო და ინგლისელი დევიდ ბექემი დაამატა...

 

ფეხბურთი ერთადერთი სპორტის სახეობაა, რომელიც ყველას აერთიანებს, რომელიც ყველაფერს გავიწყებს და თან ეს მაშინ, როცა ისეთ დიდ გუნდს გულშემატკივრობ, რომელიც აკეთებს იმას, რაც სხვებს არ შეუძლიათ. როცა ბლანკოსი გიყვარს, შენ იღებ იმ ემოციებს, რომელიც სხვა გუნდის ქომაგებისთვის უცხოა. შენ ხომ 13 ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გყავს, შენ ხომ ბოლო წლებში ლიგა 4-ჯერ მოიგე, თანაც 3-ჯერ ზედიზედ. შენ ისტორია დაწერე. სამეფო გუნდი თავის სახელს ყოველთვის ამართლებს.

 

ეს მცირე შესავალი იმ მიმართულებისკენ, საითაც წავედი. ერთი კვირა საოცნებო ქალაქში.

 

 

თბილისის აეროპორტიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი პირველი შეხვედრა. საოცარი არქიტექტურა, მეფის სასახლე, პრადო, სანტიაგო ბერნაბეუ, სიბელესის მოედანი და ეს და სხვა უამრავი რამ, ერთ ლამაზ ქალაქში.

 

თბილისიდან სტამბულში ჩავედით და 3 საათიანი ლოდინის შემდეგ მადრიდისკენ  გავფრინდით. ოცნების ასრულებამდე 5 საათი რჩებოდა და ვიფიქრე, ცოტას წავუძინებ, თვალს მოვატყუებ, თან დროსაც გავიყვან, მეთქი. არაფერი გამოვიდა. ემოციებით დატვირთულს ძილი ვერ მომერია და მთელი გზა იმ სასწაულზე ვფიქრობდი, რომელიც იმ ჯადოსნურ ქალაქში მელოდა.

 

ესპანეთის დროით დილის 9 საათზე ჩავფრინდით და სასტუმროსკენ დავიძარი. ნახევრად გაბრუებული, ემოციებით დაღლილი ვეძებდი ჩემს გაჩერებას და სასტუმროს მისამართს, თან ყველაფერს ვაკვირდებოდი. მინდოდა ის პირველი კადრი დამეფიქსირებინა, როცა ჰორიზონტზე სანტიაგო ბერნაბეუ გამოჩნდებოდა.

 

როგორც იქნა მივედი, ჩანთები ნომერში დავყარე და გავედი. ლოკაცია საკმაოდ კარგი მქონდა, ქალაქის ცენტრში, სოლზე გავჩერდი, ამიტომ გასვლისთანავე მადრიდის ღირშესანიშნაობების გაცნობა დავიწყე. პირველი დღე პრადოს მუზეუმსა და სასახლეს დავუთმე და ყველა ის ისტორიული ძეგლი მოვინახულე, რომელსაც ეს დიდი ქალაქი ინახავს. გადავწყვიტე სანტიაგო ბერნაბეუზე მეორე დღეს მივსულიყავი.

 

მადრიდი - ერთ-ერთი საუკეთსო ქალაქი ევროპაში, განსხვავებული არქიტექტურით და ფერებით. ქალაქი რომელსაც პირველივე შეხვედრისთანავე ეტყობა, რომ აქ მეფე ცხოვრობს. ყოველთვის მესმოდა, რომ ესპანეთის გაცნობა თუ გინდა, მადრიდი უნდა ნახო, იქ ცხოვრობენ ნამდვილი ესპანელები. სხვათა შორის რაღაცით ქართველებს გვანან. ყველა ყურადღებიანია და იმის მიუხედავად ესმით თუ არა შენი, უპასუხოდ არ გტოვებენ. ყველაფერს აგიხსნიან, დეტალურად გეტყვიან თუ სად როგორ უნდა წახვიდე, სად რა ხდება, თუ არ ეჩქარებათ, წამოგყვებიან და ადგილამდეც მიგაცილებენ. იქ არ დაიკარგები.

 

დილით, სანტიაგო ბერნაბეუსკენ გავსწიე. 26 წლიანი ლოდინის შემდეგ, ჩემს სანუკვარ ოცნებამდე სულ რამდენიმე კილომეტრიღა მაშორებდა. სტადიონისკენ ფეხით წავედი და გზაში კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი იმ საოცარ არქიტექტურას, რომელიც პერიოდულად გახსენებს, რომ შენ მეფის ტერიტორიაზე იმყოფები.

 

და აი ისიც, 1947 წელს დაბადებული, სენიორ სანტიაგოოოო ბეეერნაბეუუუ!!!

 

 

პირველივე დანახვისთნავე ხვდები რომ მის ტერიტორიაზე ხარ. შენც იმ დიდი ისტორიის მონა ხდები, რომელიც ამ კედლებს ახსოვს. შედიხარ და შენს წინ სხვა სამყარო იშლება, რომელსაც ფეხბურთს ეძახიან. სამეფო გუნდი, სამეფო ფეხბურთელები, სამეფო ისტორია და ლეგენდები, ვისი სულებიც დღემდე იქ ტრიალებენ. 1947 წლიდან დღემდე შრომით და ოფლით მოტანილი ტიტულები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია აქვთ. იმავე დარბაზში ინახება რეალის ლეგენდარული ფეხბურთელების მაისურები, ბუცები და კაპიტნის სამკლავურები.  მოგებული ოქროს ბურთები ალფრედო დი სტეფანოდან და რაიმონ კოპადან დაწყებული , რონალდოთი დამთავრებული და დღეს იქვე, ალბათ, მოდრიჩის პრიზიც იქნება. და მუზეობის ბოლოს ის საკრალური ციფრი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება. 13...

 

 

ევროპის ჩემპიონთა 13 თასი. 13 ჯერ აღებული, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი და, 13 დიდი ზეიმი სიბელესზე...

 

დიახ ეს რეალია. ყველაზე ძლევამოსილი კლუბი საფეხბურთო ისტორიაში.

 

მუზეუმიდან იმ გასახდელში შედიხარ, სადაც 2018 წლის მაისში ზინედინ ზიდანი, ნავასს, კარვახალს, ვარანს, სერხიო რამოსს, მარსელოს, მოდრიჩს, კაზემიროს, კროოს, ისკოს, ბენზემას და კრიშტიანუ რონალდუს, იმ ბოლო დავალებებს აძლევდა, რომლის შესრულებითაც რეალი დიდი წარმატებებისკენ მიდიოდა... სადაც დიდი მატჩების სცენარები იწერებოდა... სადაც ხარობს რეალი და ერთ გუნდად იკვრება... აბა, იმ გასახდელის კედლები ინახავს საიდუმლოს, თუ ინახავს...

 

გასახდელიდან ნელ-ნელა მოედნისკენ წავედი და ის გვირაბი გავიარე, რომელსაც სამეფო გუნდის ლეგენდები ყოველი თამაშის დაწყებამდე გადიან და მოვხვდი სხვა სამყაროში, სანტიაგო ბერნაბეუს ცენტრში, სადაც 71 წლის სტადიონის კედლები გაკვირდებიან. ბავშვობაში საფეხბურთო სიზმარი, ალბათ, ყველას გვქონია, ჰოდა, ეს სიზმარი, მასთან ერთად კი ოცნებაც სწორედ იქ ავიხდინე.

 

... ყველაფერი დამავიწყდა. გვიანობამდე დავდიოდი ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ჩემი გონება, ბავშვობის ოცნებებთან ერთად საინტიაგო ბერნაბეუს გასახდელში იყო, მოედანზე გასასვლელად ემზადებოდა.

 

მომდევნო რამდენიმე დღე დასვენებას დავუთმე და ქალაქი კიდევ უფრო კარგად შევისწავლე. და, აი მოვიდა 1 დეკემბერიც. დღე როდესაც მადრიდის რეალი ვალენსიას წინააღმდეგ გადიოდა სათამაშოდ. სამეფო გუნდის თითქმის ყველა შეხვედრას ვადევნებ თვალს, მაგრამ სულ სხვაა როცა ამას ტრიბუნიდან აკეთებ. თან შენ ესპანელ კოლეგებთან ერთად, რომლებიც მატჩის მსვლელობის დროს ბევრ საინტერესო ამბავს გიყვებიან და იღებ იმ ინფორმაციას, რაც ტელევიზორიდან არ ჩანს, ხედავ იმას რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და გრძნობ იმ დიდ სიხარულს და ბედნიერებას, რომელიც მარტო სანტიაგოზე შეიძლება დაგეუფლოს. მით უმეტეს, როცა ფეხზე წამომდგარი უსმენ რეალის ჰიმნს. მხოლოდ „ჰალა მადრიდ“ მესმოდა, ისე ვიმღერე თითქოს მე-12 ფეხბურთელად ვმდგარიყავი. ბევრი ყვირილი, ნერვიულობა, ემოციები და დამაჯერებელი გამარჯვება - 2:0.

 

 

თამაშის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად კლუბის დარბაზში გადავინაცვლეთ, ვისაუბრეთ და ერთად წამოვედით ქალაქის ცენტრისკენ. ათიათასობით სამეფო გულშემატკივარი, რეალის ჰიმნის ფონზე ფეხით მივსეირნობდით ქალაქის ქუჩებში.